თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისა და ლოგისტიკური ხარჯების შეუფერხებელი დაფინანსებისთვის, 2022 წელს თავდაცვის სამინისტროს დამატებით 80 მლნ. ლარი გამოეყოფა. გაზრდილი დაფინანსების ნაწილი ასევე შეიარაღების კუთხითაც მიიმართება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.
სპარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სხდომაზე კომიტეტის წევრმა, ალექსანდრე ელისაშვილმა თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხების ოდენობა არასაკმარისად მიიჩნია და აღნიშნა, რომ მაშინ როდესაც რეგიონში, მეზობელ სახელმწიფოებს შორის საომარი მოქმედებები მიმდინარეობს და გაზრდილია უსაფრთხოების გამოწვევები, სახელმწიფომ თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიზნით, უფრო მეტი თანხები უნდა გამოყოს.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა თავისი დამოკიდებულება საკითხის კენჭისყრის დროსაც დააფიქსირა და სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა.კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, მნიშვნელოვანია რომ სახელმწიფოში დამატებითი შემოსავლები ჩნდება, რაც ქვეყნის საჭიროებებზე ნაწილდება.
მისივე შეფასებით, მისასალმებელია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის გაზრდილი შემოსავლების ნაწილი თავდაცვის სამინისტროს დაფინანსების გაზრდას ხმარდება.
„თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისთვის ქვეყანას მეტი თანხები სჭირდება, მაგრამ ამ ეტაპზე უწყება დამატებით დაფინანსდება იმ თანხებით, რის შესაძლებლობასაც არსებული სახელმწიფო ბიუჯეტი იძლევა“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა იმაზე, რომ გაზრდილია შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსება 70 მილიონი ლარით. ამ ნაწილში გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, რომ 50 მილიონი ლარი სამაშველო ვერტმფრენების შესაძენადაა გამოყოფილი. ალეკო ელისაშვილმა უკმაყოფილება აქაც დააფიქსირა.
„ასევე შვეულმფრენებთან დაკავშირებით. ცეცხლის ჩამქრობი შვეულმფრენი არ გვჭირდება? თუ სულ თურქეთს უნდა ვეხვეწოთ, რომ ცეცხლი ჩაგვიქროს ვიდრე არ გადაიბუგება ხოლმე ნახევარი ტყე. ბარემ სამაშველოსთან ერთად ჩავსვათ ცეცხლის ჩამქრობი შვეულმფრენი, ეს არ გვჭირდება? გულახდილად რომ გითხრათ, ეს ყველაფერი ჩემთვის გამაოგნებელია“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ფინანსთა მინისტრმა ერთი კვირის წინ განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს დასაფინანსებლად დამატებით გამოიყოფა 80,0 მლნ ლარი, რომლითაც გაგრძელდება ჯარისკაცების ბინების მშენებლობა, ასევე, გაგრძელდება თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესება.
ცნობისთვის, გიორგი კაკაურიძემ დღევანდელ კომიტეტის სხდომაზე ასევე განაცხადა, რომ გაზრდილი საბიუჯეტო შემოსულობების შემდეგ, მთავრობამ ორი მთავარი პრიორიტეტი განსაზღვრა, რომელიც საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებას და ნაკლები საგარეო ვალის აღებას ითვალისწინებს.
შესაბამისად, მიმდინარე წელს, სახელმწიფო 710 მლნ. ლარით ნაკლებ ვალს აიღებს, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის მოცულობა კი, მშპ-ს 4.4%-დან 3.2%-მდე მცირდება. ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მიმართულებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიუჯეტში შემოსული დამატებითი თანხები იმ საჭიროებების მიხედვით გადანაწილდა, რაც სახელმწიფო უწყებებმა მოითხოვეს.
თანხები სამინისტროების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა: საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება 210 მლნ. ლარით გაიზრდება.
150 მლნ. ლარი ემატება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 80 მლნ. ლარით გაეზრდება დაფინანსება. 70 მლნ. ლარით იზრდება შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება 43 მლნ. ლარით გაიზრდება.
2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი 489,7 მლნ ლარით იზრდება და 19 852,3 მლნ ლარს შეადგენს.