ევროკავშირის ყოფილი ელჩის, კარლ ჰარცელის მიმართ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან გამოთქმულ კრიტიკაზე შეკითხვის საპასუხოდ, მისმა შემცვლელმა განაცხადა, რომ „კარლ ჰარცელი საქართველოს დიდი მეგობარი იყო და 4 წლის განმავლობაში გააკეთა ყველაფერი საქართველოს ევროკავშირთან დასაახლოვებლად“.
„მე ვიცნობ ჩემს წინამორბედს და ვიცი, რომ ელჩი ჰარცელი იყო საქართველოს ნამდვილი მეგობარი. საქართველოში გატარებული 4 წლის განმავლობაში მან თავისი მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები წინ წაეწია. რა თქმა უნდა, გამოწვევები ყოველთვის არის, თუმცა მე ვიცი, რომ ის თავის მაქსიმუმს ეცადა“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ „ინტერპრესნიუსი“ ცნობით.
„ჩვენ ველით, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი. ევროკომისიის პრეზიდენტის 2-3 დღის წინ გაკეთებულ განცხადებაშიც კი მან აღნიშნა, რომ საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის. ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოზე, რომელიც ცდილობს, შეუერთდეს ამ ოჯახს, აქედან გამომდინარე, ვიმედოვნებ, რომ სწორედ, ეს იქნება დიალოგის საგანი - საქართველო, რომელიც ცდილობს, შეუერთდეს თავისუფალი, დემოკრატიული, აყვავებული ქვეყნების ოჯახს. კრიტიკა ყოველთვის ჯანსაღია, მაგრამ მაშინ, როდესაც გსურს გახდე ოჯახის წევრი, როგორც წესი, ხარ ძალიან ფრთხილი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ახასიათებ ამ ოჯახის წევრებს. ჩემი სამუშაო აქ ძალიან ცალსახა იქნება, დავეხმარო საქართველოს გახდეს ევროპული ოჯახის წევრი“,- განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.