თურქეთსა და აშშ-ს შორის F-16 გამანადგურებლების საკითხი კვლავ გადაუწყვეტელია. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ტელეარხ PBS-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ, ანკარა F-16 გამანადგურებლებს ვერ მიიღებს, შეძლებს „საკუთარ თავზე ზრუნვას“.
ამასთან, PBS-თან ინტერვიუში ერდოღანმა აშშ-თურქეთის ურთიერთობებიც განიხილა.
„თავდაცვის ინდუსტრიაში ჩვენ არ ვართ იმ დონეზე, როგორიც გვინდა. მაგალითად, ჩვენ გვაქვს გადაუჭრელი საკითხი F-16-თან დაკავშირებით... მიიღება გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომლის შედეგიც თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება. ეს არ შეეფერება ორ მეგობარ ქვეყანას“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. მან განმარტა, რომ თურქეთმა F-16 გამანადგურებლების შეძენის საკითხში „რესპუბლიკელების მხარდაჭერა მიიღო“.
„რას ვაპირებთ, თუ ვერ მივიღებთ აშშ-ს შედეგებს F-16-ზე? რა თქმა უნდა, საკუთარ თავზე ვიზრუნებთ“, - დასძინა ერდოღანმა.
ივლისში აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა თურქეთისთვის F-16-ის მოიერიშე თვითმფრინავების მიყიდვის შეზღუდვებს. თურქეთი ამ გამანადგურებლების შესყიდვის პროგრამიდან იმის გამო გარიცხეს, რომ რუსეთისგან S-400 Triumph სარაკეტო სისტემები იყიდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და თურქეთის პრეზიდენტმა შესაძლოა, ეს საკითხი სექტემბერში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განიხილონ.
გაზეთ Milliyet-ის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ აშშ F-16 გამანადგურებლების მიწოდებაზე უარს იტყვის, თურქეთის ხელისუფლება მზადაა, რუსული სუ-57-ები იყიდოს.