ბევრ უკრაინელ დამცველს, რომლებიც 21 სექტემბერს, ტყვეთა გაცვლის შედეგად გაათავისუფლეს რუსული ტყვეობიდან, აწამებდნენ.
ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსმა კირილო ბუდანოვმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, არიან ადამიანები, რომლებსაც სასტიკად აწამებდნენ და მათი რაოდენობა საკმაოდ დიდია.
როგორც ცნობილია, 21 სექტემბერს, ტყვეთა გაცვლის შედეგად, რუსეთის ტყვეობიდან 200-ზე მეტი უკრაინელი დამცველი, მათ შორის 124 ოფიცერი, ასევე 10 უცხოელი გათავისუფლდა. ღალატში ეჭვმიტანილი ვიქტორ მედვედჩუკი და 55 რუსი ჯარისკაცი რუსულ მხარეს დააბრუნეს.
გათავისუფლებულ უკრაინელებს შორის არის 188 აზოვსტალის დამცველი, მათ შორის აზოვის პოლკის 108 მეომარი, ეროვნული გვარდიის სამსახურის წევრები, საზღვაო ქვეითები, მესაზღვრეები, პოლიციის ოფიცრები, ტერიტორიული თავდაცვის ძალების წევრები, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები. რუსული ტყვეობიდან გათავისუფლებული აზოვის ხუთი მეთაური ახლა უსაფრთხო პირობებში იმყოფება თურქეთში, სადაც ისინი ომის დასრულებამდე დარჩებიან.