ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი, რუსეთის ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო, ღრმა შეშფოთებას გამოხატავს.
მინისტრთა კომიტეტი კვლავ მოუწოდებს რუსეთს საქართველოსთვის ზიანის ანაზღაურებისკენ, რასაც კოლექტიური გაძევების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება ითვალისწინებს.
23 სექტემბერს გამოქვეყნებულ შუალედურ რეზოლუციაში, მინისტრთა კომიტეტმა მიუთითა: მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის 16 მარტს შეუწყდა ევროპის საბჭოს წევრობა, რუსეთის ფედერაციას მაინც მოეთხოვება ევროსასამართლოს და კომიტეტის გადაწყვეტილებების შესრულება.
მინისტრები გადაწყვეტილების აღსრულებაზე ზედამხედველობას განაგრძობენ. კომიტეტმა ღრმა მწუხარება გამოთქვა, რომ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან არანაირი საპასუხო ინფორმაცია არ იყო მოწოდებული.
2019 წლის 31 იანვარს მიღებული გადაწყვეტილებით, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ რუსეთის ფედერაციას იმ ზიანის ასანაზღაურებლად, რომელიც 2006 წელს რუსეთიდან ქართველების მასობრივ დეპორტაციას უკავშირდება, 10 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა.
სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს მოქალაქეების დაპატიმრება, დაკავება და კოლექტიური გაძევება რუსეთიდან 2006 წლის შემოდგომაზე, ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევაა.