რუსი მილიარდერი და პუტინთან დაახლოებული ოლიგარქი, რომან აბრამოვიჩი,საუდის არაბეთის პრინცს მოჰამედ ბინ სალმანს მოლაპარაკების ფარგლებში შეხვდა, რის შემდეგაც ომის დაწყების შემდეგ რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლის მასშტაბური პროცესი განხორციელდა. ამის შესახებ Bloomberg წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
სააგენტოს თანამოსაუბრეების თქმით, ბიზნესმენისა და პრინცის შეხვედრა ერ-რიადში აგვისტოს ბოლოს შედგა. Bloomberg-ის წყაროები სხვა დეტალებს არ ასახელებენ და აცხადებენ, რომ შეხვედრა დახურულ ფორმატში გაიმართა.
ბრიტანული ტაბლოიდი The Sun იტყობინება, რომ აბრამოვიჩმა „გადამწყვეტი როლი ითამაშა" ბრიტანეთის ხუთი მოქალაქის გათავისუფლებაში, რომლებიც რუსმა სამხედროებმა უკრაინაში დაატყვევეს და სამშობლოში ტყვეთა გაცვლის ფარგლებში დაბრუნდნენ. ამის შესახებ გამოცემას ერთ-ერთმა ყოფილმა ტყვემ, ჯონ ჰარდინგმა განუცხადა, რომელიც ამტკიცებს, რომ ამის შესახებ მილიარდერის თანაშემწემ უთხრა.
ჰარდინგმა თქვა, რომ აბრამოვიჩი ბრიტანელ პატიმრებს კერძო თვითმფრინავში შეხვდა, რომელმაც გაცვლის შემდეგ ისინი რუსეთიდან ერ-რიადში წაიყვანა.
მისი თქმით, მილიარდერმა ყველა გათავისუფლებულ ბრიტანელს iPhone აჩუქა, ფრენის დროს სტეიკებით გაუმასპინძლდა და ფეხბურთზე ესაუბრა.
როგორც ცნობილია, 21 სექტემბერს, ტყვეთა გაცვლის შედეგად, რუსეთის ტყვეობიდან 200-ზე მეტი უკრაინელი დამცველი, მათ შორის 124 ოფიცერი, ასევე 10 უცხოელი გათავისუფლდა. ღალატში ეჭვმიტანილი ვიქტორ მედვედჩუკი და 55 რუსი ჯარისკაცი რუსულ მხარეს დააბრუნეს.
გათავისუფლებულ უკრაინელებს შორის არის 188 აზოვსტალის დამცველი, მათ შორის აზოვის პოლკის 108 მეომარი, ეროვნული გვარდიის სამსახურის წევრები, საზღვაო ქვეითები, მესაზღვრეები, პოლიციის ოფიცრები, ტერიტორიული თავდაცვის ძალების წევრები, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები. რუსული ტყვეობიდან გათავისუფლებული აზოვის ხუთი მეთაური ახლა უსაფრთხო პირობებში იმყოფება თურქეთში, სადაც ისინი ომის დასრულებამდე დარჩებიან.