ილია დარჩიაშვილი სომხეთის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოში ახალდანიშნულ სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, აშოტ სმბატიანთან შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მინისტრმა წარმატებები უსურვა სომეხ დიპლომატს მომავალ საქმიანობაში და ხაზი გაუსვა საქართველოსა და სომხეთს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების მნიშვნელობას.

მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების მზარდი დინამიკა და იმედი გამოთქვეს, რომ რეგიონში არსებული სირთულეების მიუხედავად, მხარეები განაგრძობენ მჭიდრო თანამშრომლობას როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები სავაჭრო, ეკონომიკური, სატრანზიტო და სატრანსპორტო მიმართულებებით. აღინიშნა, რეგიონში საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის მნიშვნელობა.