უკრაინა NATO-ში დაჩქარებული წევრობისთვის განაცხადს წარადგენს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოსახლებისადმი მიმართვისას განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ქვეყანას NATO-ში სწრაფი გაწევრიანების იმედი აქვს.
„დე ფაქტო, ჩვენ უკვე გავხდით NATO-ს მოკავშირე. ჩვენ ვენდობით ერთმანეთს, ვეხმარებით და ვიცავთ ერთმანეთს. ეს არის ალიანსი. დღეს უკრაინა წარადგენს განაცხადს, რათა ჩვენი გაწევრიანება დე იურედ აქციოს“, - - განაცხადა ზელენსკიმ.
თავის გამოსვლაში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა მზად არის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის რუსეთთან, მაგრამ რუსეთის სხვა პრეზიდენტთან.
ზელენსკის ვიდეომიმართვა მოჰყვა პუტინის სატელევიზიო მიმართვას და ცერემონიას, სადაც რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ტერიტორიების ანექსია გააფორმა.
უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.