პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში წარადგენენ კანონპროექტს, რომელიც არის დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინული მოდელის ანალოგი.
მისივე თქმით, განხილვები დაიწყება მას შემდეგ, რაც ვენეციის კომისია დასკვნას წარმოადგენს. ოხანაშვილის განმარტებით, ინიცირებისთვის წარმოდგენილი კანონპროექტი არ ითვალისწინებს კონკრეტულ სახელებს და გვარებს.
„ჩვენ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით მოვისმენთ მოსაზრებებს, თუ იქნება შემოთავაზება დამსწრე წევრების მხრიდან. აღნიშნული სამუშაო ჯგუფის ეს სამუშაო ეტაპი ამოწურული იქნება, ვინაიდან კანონპროექტს წარვადგენთ.
კომიტეტი დღესვე იმსჯელებს კანონპროექტის დაინიცირებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება განხილვებს, განხილვები დაიწყება მას შემდეგ, რაც გვექნება ასევე ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელიც უნდა წარმოადგინოს უკრაინულ მოდელთან დაკავშირებით.
ჩვენი მიზანია, ფართო კონსენსუსით მივაღწიოთ ცვლილებებს და ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა პოლიტიკური ჯგუფის და საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებები საინტერესო იქნება.
ჩვენ ობიექტურ საზომად აღებული გვაქვს ევროპული სტრუქტურების მხრიდან ის მიდგომა, რომლებმაც პრაქტიკულად მოიწონეს უკრაინული მოდელი.
ერთადერთი ქვეყანაა უკრაინა, სადაც ეს კანონი მოქმედებს. ამ კანონთან დაკავშირებით ევროპულმა სტრუქტურებმა გამოთქვეს ინტერესი და უკრაინას ჩაუწერეს, რომ აუცილებელია ამ კანონის იმპლემენტაცია და ფართოდ გავრცელება.
ეს არის ჩვენთვის ობიექტური საზომი, რომ თუ ევროპული სტრუქტურების მხრიდან აღნიშნული კანონი მოწონებულია, ლოგიკურია, რომ ჩვენთან მიმართებაშიც ეს პუნქტი შესრულებადია ამ კანონის მიღებით“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
„სახელების და გვარების შემოთავაზება სწორედ ცალკეული ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან ხდებოდა და არა მხოლოდ, რაც არის ნონსენსი, რომ რომელიმე კანონი სახელებზე და გვარებზე იგებოდეს. ასე არ ხდება.
ეს დემოკრატიის საწინააღმდეგო ნაბიჯია. ჩვენ ამ კანონპროექტში ყველა ის კრიტერიუმი გვაქვს გადმოტანილი, რომელიც მოცემულია უკრაინულ მოდელში. ამ კრიტერიუმებით საუბარია მედიაზე გავლენაზე, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გავლენაზე, ასევე, საუბარია მონოპოლისტურ საქმიანობაზე და საუბარია კონკრეტული ოდენობის თანხაზე.
ამ ოთხი კრიტერიუმიდან სამი საკმარისია, რომ პირი ოლიგარქად იყოს მიჩნეული.
უკრაინა საპრეზიდენტო ქვეყანაა და პირების ოლიგარქად აღიარებაზე პასუხისმგებელია პრეზიდენტის შესაბამისი უწყება, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ, ჩვენს პროექტში ერთადერთი ობიექტური განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ასეთ ოფიციალურ უწყებად შემოთავაზებული გვაქვს პარლამენტი. საპარლამენტო რესპუბლიკაში სწორედ პარლამენტმა უნდა განიხილოს ეს საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.