უკრაინამ შეერთებულ შტატებს სთხოვა, რომ კიევს ATACMS-ის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები გადასცეს. იმ პირობით, რომ კიევი ვაშინგტონთან ერთად კოორდინაციას გაუწევს იმ სამიზნეებს, რომლებთან მიმართებითაც ეს იარაღი უნდა გამოიყენონ. ამის შესახებ ამერიკული ტელეკომპანია CNN რამდენიმე ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
CNN-ის ცნობით, უკრაინის მთავრობამ ამ მიზნების შესახებ, აშშ-ს „სრული და მუდმივი გამჭვირვალობა“ შესთავაზა.
CNN ვინაობის დასახელების გარეშე, ციტირებს უკრაინელ ოფიციალურ პირს, რომელიც ამბობდა, რომ კიევმა „ვირტუალურად ზუსტად ჩამოთვალა კონკრეტული სამიზნეები, რომლებსაც უნდა დავარტყათ ჩვენს ტერიტორიაზე და რომელთა მიღწევა შეუძლებელია არსებული საშუალებებით“.
ასეთი სამიზნეები მოიცავს ლოგისტიკურ მარშრუტებს, აეროდრომებს, ავიაბაზებს და იარაღის საწყობებს სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინაში, ანექსირებული ყირიმის ჩათვლით.
მანამდე აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ HIMARS სისტემებისთვის არსებული რაკეტები, რომლებსაც შეუძლიათ დარტყმა მიაყენონ დაახლოებით 70 კმ მანძილზე, საკმარისია უკრაინის სამხედრო ამოცანების შესასრულებლად.
CNN-ის ზოგიერთი თანამოსაუბრე თვლის, რომ მოსკოვმა შესაძლოა, ATACMS-ის რაკეტების უკრაინისთს გადაცემა „წითელი ხაზების“ დარღვევად მიიჩნიოს და კონფლიქტის ერთ-ერთ მხარედ შეერთებული შტატები დაასახელოს.
ATACMS-ის რაკეტების გაშვება შესაძლებელია HIMARS-ის დანადგარებიდან, რომლებიც ვაშინგტონმა უკვე გადასცა უკრაინას.