ახალი ელჩის დანიშვნის საკითხი ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგშია, - ამის შესახებ უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა.
„ახალი ელჩის დანიშვნის საკითხი ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგშია. ეს იყო, ასევე, ერთ-ერთი საკითხი, რომელიც განიხილეს უკრაინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა პრაღაში გამართული არაფორმალური შეხვედრის ფარგლებში და ასევე სუამის ფორმატში“, - განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.
პირველ მარტს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ საქართველოდან ელჩი გაიწვია კონსულტაციებისთვის, უკრაინისადმი დახმარების მსურველი მოხალისეებისთვის ხელის შეშლის და სანქციებისადმი გამოხატული პოზიციების გამო.
ზელენსკიმ ასევე, ელჩი გაიწვია ყირგიზეთიდან, ამ ქვეყნის მიერ უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამართლების გამო.
28 თებერვალს ქართულ მედიაში, მოხალისეებზე დაყრდნობით, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქართველი მოხალისეების წასაყვანად უკრაინიდან უნდა გამოფრენილიყო თვითმფრინავი, თუმცა მან ვერ მიიღო შესაბამისი ნებართვა და რეისი არ შედგა.