თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პირველი პირისპირ შეხვედრა პრაღაში, ხუთშაბათს, 6 ოქტომბერს იგეგმება. ამის შესახებ თურქული მედია იტყობინება.

„ხვალ, თურქეთის დროით 19:00 საათზე, პრეზიდენტი ერდოღანი პრაღაში ორმხრივ შეხვედრას გამართავს სომხეთის პრემიერ-მინისტრ პაშინიანთან“, - წერს გაზეთი Milliyet.

Sabah-ის ცნობით, შეხვედრის დროს თურქეთის პრეზიდენტი სომხეთის პრემიერ-მინისტრს შესთავაზებს სპეციალური წარმომადგენლების შეხვედრების გამართვას ორმხრივი ურთიერთობების დასარეგულირებლად თურქეთსა და სომხეთში და არა მესამე ქვეყნებში.

გარდა ამისა, თურქეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ რეგიონში დაძაბულობის შესამცირებლად სომხეთმა „პროვოკაციებისგან თავი შეიკავოს, ასევე აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწეროს ხელი“, - წერს გაზეთი.

სომხურ მხარეს ფაშინიან-ერდოღანის მოახლოებული შეხვედრის შესახებ ჯერ ოფიციალურად არ გაუცხადებია. მანამდე სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრმა განაცხადეს, რომ ასეთი შეხვედრა სავარაუდოა.