ყაზახეთში ოლიგარქიული კაპიტალიზმის ეპოქა დასასრულს უახლოვდება, ქვეყნის მოქალაქეების წინაშე სოციალური პასუხისმგებლობის პერიოდი მოდის. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ყარაგანდის რეგიონის საზოგადოებასთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო ყურადღებით აკვირდება ქვეყანაში მოქმედი ყველა მსხვილი სამთო კომპანიის საქმიანობას.
„ჩვენ არ დავუშვებთ კაპიტალის უკანონო გატანას საზღვარგარეთ. ჩვენ დავაკვირდებით მათ მიერ სხვადასხვა სოციალური პროგრამის განხორციელებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა წარმოების მოდერნიზაციის პროცესს, გარემოს დაცვას. სპეციალური კონტროლის ქვეშ მოექცევა გადასახადების გადახდის პროცესი.
თუ მსხვილი სამრეწველო საწარმოები ამ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ, იძულებული ვიქნებით, პარტნიორობა შევწყვიტოთ. ეს არავითარ შემთხვევაში არ არის საფრთხე, არამედ მუშაობის მარტივი, პატიოსანი და სამართლიანი წესები, ზოგადად მიღებულია მთელ ცივილიზებულ სამყაროში.
ყაზახეთში ოლიგარქიული კაპიტალიზმის ეპოქა დასასრულს უახლოვდება, ქვეყნის მოქალაქეების წინაშე სოციალური პასუხისმგებლობის პერიოდი მოდის. ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ ეფექტური და სოციალურად პასუხისმგებელი ბიზნესი, რომელიც წამყვან პოზიციას იკავებს ქვეყნის ეკონომიკაში“, - განაცხადა თოყაევმა.