უკრაინის პოლიცია: სოფელ პესკში იპოვეს სარდაფი, სადაც სავარაუდოდ, ადგილობრივებს აწამებდნენ

სოფელ პესკი-რადკოვსკისში, რომელსაც ახლა უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ, უკრაინელმა გამომძიებლებმა აღმოაჩინეს ადგილი, სადაც, მათი შეფასებით, რუსი სამხედროები ადგილობრივ მოსახლეობას აწამებდნენ.

ამის შესახებ ხარკოვის ოლქის პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსმა სერგეი ბოლვინოვმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. 

„სოფელ პესკი-რადკოვსკის გათავისუფლების შემდეგ, ადგილობრივმა მცხოვრებებმა მიმართეს პოლიციას, რომ ერთ-ერთი სახლის სარდაფში [რუსებს] პატიმრები ჰყავდათ", - ნათქვამია ბოლვინოვის განცხადებაში.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სარდაფიდან მუდმივად ყვირილის ხმა ესმოდათ.

სერგეი ბოლვინოვის თქმით, პოლიციამ უკვე დაადგინა იმ უკრაინელი სამხედროების სახელები და გვარები, რომლებსაც რუსი ჯარისკაცები აბუჩად იგდებდნენ.

საგამოძიებო ჯგუფი და პროკურორები მუშაობენ აქ მომხდარის სურათის აღდგენაზე, რათა შემდგომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას.