ჟენევის მოლაპარაკებები 2021 წლის დეკემბრის შემდეგ, პირველად იმართება

შვეიცარია სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის მოლაპარაკებების 56-ე რაუნდს მასპინძლობს. ეს ჟენევის ფორმატში 2021 წლის დეკემბრის შემდეგ პირველი მოლაპარაკებებია.

ინფორმაცია მოლაპარაკებების დაწყების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც დაადასტურეს. სამინისტროში აცხადებენ, რომ შეხვედრა ევროკავშირის, გაეროს და ეუთოს თანათავმჯდომარეების აქტიური ძალისხმევის წყალობით გახდა შესაძლებელი.

„მოლაპარაკებების 56-ე რაუნდის ფარგლებში, ქართული დელეგაცია ყურადღებას გაამახვილებს მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, როგორიცაა 2008 წლის 12 აგვისტოს რუსეთის მიერ ევროპული შუამავლობით ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების შესრულების აუცილებლობა. კავშირი, ასევე აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება საკუთარ სახლებში“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ადრე რუსეთმა მოლაპარაკებების „უფრო ნეიტრალურ ადგილზე“ გადატანა მოითხოვა. მოსკოვი ამტკიცებდა, რომ შვეიცარიაში შეხვედრების გამართვა პრობლემურია „მას შემდეგ, რაც ბერნი შეუერთდა არალეგიტიმურ ანტირუსულ სანქციებს და სხვა დისკრიმინაციულ შეზღუდვებს, ასევე აღვირახსნილ რუსოფობიურ ისტერიას“.

ჟენევის მოლაპარაკებების 55-ე რაუნდი 2021 წლის 7-8 დეკემბერს გაიმართა. 56-ე რაუნდი მარტის ბოლოს უნდა გამართულიყო, თუმცა უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ შეხვედრა გაუქმდა.