ერმაკი: რუს ტერორისტებს ბრძოლა მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ შეუძლიათ

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი, ზაპოროჟიეში რუსეთის ძალების სარაკეტო იერიშს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუს ტერორისტებს ბრძოლა მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ შეუძლიათ.

მისივე თქმით, „რუსეთის პრობლემა“ „ერთხელ და სამუდამოდ“ უნდა გადაწყდეს.

„ეს შესაძლებელია მხოლოდ ძალის გამოყენებით. იარაღი, სანქციები, იზოლაცია. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას. მტრის სრული დამარცხება და დევნა. ეს ერთადერთი გზაა", - განაცხადა ერმაკმა.

6 ოქტომბერს, გამთენიისას, რუსეთის ძალებმა შვიდი რაკეტა ესროლეს ზაპოროჟიეს, რის შედეგადაც ორი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი განადგურდა. ცნობილია, რომ თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.