როგორ უნდა გაგრძელდეს ევროპული ოჯახის მშენებლობა და იმ ქვეყნების ინტეგრაცია, რომლებიც ევროპულ ოჯახთან არიან ასოცირებული - დისკუსიები პრაღის სასახლეში

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველი სამიტის ფარგლებში, მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილი მაღალი დონის თემატური დისკუსიები პრაღის სასახლეში იმართება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრს კაია კალასს ღონისძიების ორგანიზატორებმა თემატური დისკუსიის - მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპის კონტინენტზე - თანათავმჯდომარეობა შესთავაზეს.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრი, მის ესტონელ კოლეგასთან ერთად, გაუძღვა დისკუსიას, რომელსაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ქვეყნების ლიდერები ესწრებოდნენ.

  • დისკუსიის ფარგლებში განიხილეს არსებული გეოპოლიტიკური ვითარება, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები. ისაუბრეს იმ გამოწვევებზეც, რომლებიც საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას.

ლიდერებმა ასევე ისაუბრეს, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ევროპული ოჯახის მშენებლობა და იმ ქვეყნების ინტეგრაცია, რომლებიც ევროპულ ოჯახთან არიან ასოცირებული. აღინიშნა, რომ ახალი პლატფორმა, როგორიც არის ევროპული პოლიტიკური გაერთიანება, არის მექანიზმი, რომ გაიხსნას დისკუსიები, სადაც საუბარი იქნება ამ ქვეყნებისთვის ახალი შესაძლებლობის შექმნაზე, რაც მათ სამომავლოდ ევროკავშირში ინტეგრაციაში დაეხმარებათ.

დისკუსიას ესწრებოდნენ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი, ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი, მონტენეგროს პრეზიდენტი მილო დუკანოვიჩი და ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი ხავიერ ბეტელი.


ირაკლი ღარიბაშვილი ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში იმყოფება, სადაც ევროკავშირის მიერ ინიცირებულ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველ სამიტში მონაწილეობს. ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) პირველი შეხვედრის პლენარული სესიის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სამიტის პლენარული სესია გახსნა ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყნის - ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ, რომელმაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მონაწილე სახელმწიფოების ლიდერებს მიმართა და ევროპის კონტინენტზე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ძალისხმევის გაერთიანებაზე ისაუბრა. მეორე მხრივ, საუბარი შეეხო იმ პროცესებს, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ევროპული ოჯახის მშენებლობა და იმ ქვეყნების ინტეგრაცია, რომლებიც ასოცირებული არიან ევროპულ ოჯახთან.

6-7 ოქტომბერს, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, ევროკავშირის მიერ ინიცირებული ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველი სამიტი იმართება. სამიტში ევროკავშირის 27 წევრი და 17 პარტნიორი სახელმწიფოს მეთაურები მიიღებენ მონაწილეობას.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან. გახსნის ღონისძიების შემდეგ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების შეხვედრის მონაწილე დელეგაციების ლიდერებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს.