თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პრაღაში შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული სააგენტო Anadolu ავრცელებს.
დახურული შეხვედრა პრაღის სასახლეში, პირველი ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაზე სხვა ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა.
მანამდე, ერდოღანმა, ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მოკლე საუბარი გამართეს სამიტის წინ.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი დღეს ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტს დაესწრო.
ვიზიტის ფარგლებში ფაშინიანს, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ოთხმხრივი შეხვედრა ჰქონდათ.
რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, ეს თურქეთისა და სომხეთის ლიდერების პირველი შეხვედრაა განვლილი 13 წლის განმავლობაში. ბოლოს ერთმანეთს აბდულა გული და სერჟ სარქსიანი შეხვდნენ.