სომხური მხარე საუბრობს, რა თემები განიხილეს ფაშინიანმა და ერდოღანმა პრაღაში გამართულ შეხვედრაზე

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი და ამ მიმართულებით შემდგომი შესაძლო ნაბიჯები განიხილეს. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

სომხეთის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ორი ლიდერის შეხვედრისას ხაზი გაესვა ორი ქვეყნის სპეციალური წარმომადგენლების დისკუსიის შედეგად მიღწეული შეთანხმებების უმოკლეს ვადაში განხორციელების აუცილებლობას.

კერძოდ, საუბარია მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის სახმელეთო საზღვრის გახსნაზე, სომხეთსა და თურქეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე.

მხარეებმა მოსაზრებები გაცვალეს რეგიონულ პროცესებზე.

ვიზიტის ფარგლებში ფაშინიანს, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ოთხმხრივი შეხვედრა ჰქონდათ.