თუ სომხეთის მხრიდან იქნება კეთილი ნება, სამშვიდობო ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს წლის ბოლომდე. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 6 ოქტომბერს პრაღაში აზერბაიჯანულ ტელეარხებთან ინტერვიუში განაცხადა.
„პრინციპში, რამდენიმე ხნის წინ ვთქვი, რომ თუ სომხეთის მხრიდან კეთილი ნება იქნება, სამშვიდობო ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს წლის ბოლომდე. დრო გადის, ჩვენი ინიციატივები ადვილად არ მიდის წინ. საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ, თუმცა პირველ შეხვედრას კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს არის პოზიტიური ნაბიჯი.
ვფიქრობ, თუ გადაწყვეტილება მიიღება უახლოეს მომავალში, ორი ქვეყნის სამუშაო ჯგუფები დაიწყებენ მუშაობას სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტზე. ჩვენ შეგვიძლია შეთანხმებას მივაღწიოთ წლის ბოლომდე. პრინციპში, გვაქვს გამოცხადებული ხუთი პრინციპი. ამასზე არავის აქვს კითხვები -არც სომხურ მხარეს და არც ევროკავშირს. საფრანგეთის პრეზიდენტთან კონტაქტების დროს მეც დავინახე, რომ ეს ხუთი პრინციპი აღიქმება, ეს ბუნებრივია, რადგან ახალი არაფერი გამოგვიგონია, ეს არის პრინციპები, რომლებზეც დამყარებულია ურთიერთობები სახელმწიფოებს შორის, რომლებსაც ურთიერთობების ნორმალიზება სურთ“, - განაცხადა ალიევმა.
ვიზიტის ფარგლებში ფაშინიანს, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ოთხმხრივი შეხვედრა ჰქონდათ.