ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტების გამოცდის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა ახალი სანქციები დააწესა

ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტების გამოცდის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა ახალი სანქციები დააწესა. საჯარიმო ზომები შეეხება საწვავის შესყიდვის ქსელს, რომელიც ვაშინგტონის თქმით, მხარს უჭერს ფხენიანის იარაღის პროგრამებს და მის სამხედროებს.

კერძოდ, საუბარია სინგაპურში დარეგისტრირებულ ორ კომპანიასა და მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებულ ფირმაზე, ვაშინგტონი ცდილობს პასუხისმგებლობის დაკისრებას ჩრდილოეთ კორეის მიერ გადარიცხვების წარმოებასთან დაკავშირებით, რაც გაეროს სანქციების გვერდის ავლით ხდება.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი სხვადასხვა კომპანიას, მათ შორის სინგაპურში დაფუძნებულს ადანაშაულებს გემის მფლობელობაში ან მართვაში, რომელიც სანქციების გვერდის ავლით, ნავთობის გადაზიდვაში მონაწილეობდა.

„ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტების გამოცდა, დესტაბილიზაციის გამომწვევი და სახიფათოა. დღეს ჩვენ სანქციებს ვუწესებთ მათ, ვინც მხარს უჭერს შეიარაღების პროგრამებს სანქციების თავიდან აცილების გზით“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

„დიდი რადიუსის ბალისტიკური რაკეტების გაშვება, მათ შორის იაპონიის თავზე, მეტყველებს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების უგულვებელყოფაზე“, - განაცხადა თავის მხრივ, ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის საკითხებში მდივნის მოადგილემ ბრაიან ნელსონმა.

მისივე თქმით, აშშ გააგრძელებს მრავალმხრივი სანქციების აღსრულებას და ყურადღებით დააკვირდება DPRK-ის მიერ სანქციების თავიდან აცილების მცდელობებს მთელ მსოფლიოში, მათ შორის იმ პირთა დასახელებით, ვინც მხარს უჭერს ამ საქმიანობას.

გაეროს შეფასებით, ჩრდილოეთ კორეამ არაერთხელ აუარა გვერდი შეზღუდვებს.