პუტინმა უკრაინაზე მასიური შეტევა აღიარა და კიდევ დაიმუქრა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რუსეთის უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ დარტყმები უკრაინის ქალაქებზე დღეს დილით „თავდაცვის სამინისტროს წინადადებითა და რუსეთის გენერალური შტაბის გეგმის მიხედვით“ განხორციელდა. 

მან ასევე განაცხადა, რომ დარტყმა მიაყენეს „უკრაინის ენერგეტიკულ, სამხედრო სარდლობისა და საკომუნიკაციო ობიექტებზე მაღალი სიზუსტის შორ მანძილზე საჰაერო სადესანტო და სახმელეთო იარაღით".

ამავდროულად, სოციალურ ქსელებში უამრავი ფოტო და ვიდეო მტკიცებულებაა, რომ დარტყმები განხორციელდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის სათამაშო მოედანზე.

„თუ ჩვენს ტერიტორიაზე ტერაქტების განხორციელების მცდელობები გაგრძელდება, რუსეთის პასუხი იქნება მკაცრი და მასშტაბური“, - განაცხადა პუტინმა.

დღეს დილით, რუსეთის ძალებმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რომლის დროსაც რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე სულ მცირე 83 რაკეტა ისროლეს.