ირაკლი ღარიბაშვილი სამხრეთ კავკასიაში ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონულ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამხრეთ კავკასიაში ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონულ წარმომადგენელს მაჩეი ჩურას შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს პრიორიტეტული სექტორების განვითარების მიმართულებით.

მათივე ცნობით, აღინიშნა, რომ EIB-თან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ერთობლივი მსხვილი საინვესტიციო პროექტების მიმართულებით, არამედ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კონტექსტში.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები და აღნიშნული რეფორმების განხორციელების კუთხით ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერის მნიშვნელობა. ხაზგასმით აღინიშნა, რომ რეფორმების განხორციელების გაგრძელება საქართველოსთვის ერთადერთი გზაა გამოწვევების დასაძლევად.

ყურადღება გამახვილდა EIB-ს გადამწყვეტ როლზე პანდემიის და პოსტპანდემიურ პერიოდში. პრემიერ-მინისტრმა ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონულ წარმომადგენელს გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.