ევროკავშირის ქვეყნების ელჩები შეთანხმდნენ გადაწყვეტილებაზე, რომ არ აღიარონ რუსული დოკუმენტები, რომლებიც რუსეთის მიერ ანექსირებულ უკრაინის რეგიონებში, ასევე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებშია გაცემული.
„ეს გადაწყვეტილება არის პასუხი რუსეთის არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ სამხედრო აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთის პრაქტიკაზე, რომლის თანახმადაც, ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებთათვის რუსული პასპორტების გაცემა ხდება. ეს ასევე მოჰყვა რუსეთის ცალმხრივ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც რუსეთმა 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის რეგიონებში ან საქართველოს სეპარატისტულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებზე გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტები არ მიიღება მოქმედ სამგზავრო დოკუმენტებად ვიზის მისაღებად ან შენგენის ზონის საზღვრების გადაკვეთისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.
ბრიუსელში აცხადებენ, რომ ამ რეგიონებში გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტები აღარ არის აღიარებული ან არაღიარების პროცესშია ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ. ბრიუსელის დონეზე მიღებული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს „ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბებას, საგარეო საზღვრის და საერთო სავიზო პოლიტიკის სათანადო ფუნქციონირების უზრუნველყოფას და ევროკავშირის წევრი ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველყოფას“.
„ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ უკრაინისა და საქართველოს ფუნდამენტური უფლებების დარღვევას დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ.
ევროკავშირი ერთიანია და მტკიცედ უჭერს მხარს ორივე ქვეყანას და მათ ხალხს“, - განაცხადა ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვიტ რაკუზანმა.
„გადაწყვეტილების დასამტკიცებლად დაიწყება მოლაპარაკებები ევროპარლამენტთან“, - ნათქვამია ევროსაბჭოს განცხადებაში.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველომ 2014 წლის შემდეგ გაცემული რუსული პასპორტებით, ყირიმის მოქალაქეებს, ქვეყნის საზღვრის გადაკვეთა აუკრძალა.