საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რუანდაში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 145-ე ასამბლეის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა.
მხარეებმა ქართულ-ბრიტანული სტრატეგიული პარტნიორობის ასპექტებზე და მისი გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ მდგომარეობას.
როგორც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, შეხვედრაზე განიხილეს ქართულ-ბრიტანული სტრატეგიული პარტნიორობის ასპექტები და მისი გაღრმავების შესაძლებლობები.
კომიტეტის თავმჯდომარემ ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია.
„მათ კითხვები ჰქონდათ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებაზე. ზოგადად, რა გავლენას ახდენს უკრაინაში რუსეთის აგრესია ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და არა მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არამედ ზოგადად, რეგიონზე. ასევე ისინი დაინტერესდნენ, საქართველოს როლით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე კონფლიქტით, მათ ჩვენ ჩვენი ხედვა გავაცანით მშვიდობიანი კავკასიის თაობაზე.
საუბარი იყო ასევე ვაჭრობის საკითხებზე, შავ ზღვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ასევე ვისაუბრეთ ბრიტანეთში არსებული ფაზების კრიზისზე, ენერგო კრიზისზე, ახალი პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერაზე უკრაინის მიმართ. საკითხების ძალიან ფართო სპექტრი იყო განხილული შეხვედრის ფარგლებში“, – განაცხადა სამხარაძემ.
თავის მხრივ, როგორც ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, ჰარიეტ ბოლდიუნმა განაცხადა, შეხვედრაზე ბრიტანეთის დელეგაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მეგობრობა ქართველ კოლეგებთან.