საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით მოლდოვის რესპუბლიკას ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი 17 ოქტომბერს ქალაქ კიშინეუს ეწვევა და მოლდოვის რესპუბლიკის პრეზიდენტს მაია სანდუს შეხვდება.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მოლდოვის პრეზიდენტთან მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებითაც შედგება, რის შემდეგაც პრეზიდენტები მედიისათვის პრესკონფერენციას გამართავენ და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებენ.

დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ნატალია გავრილიცასთან და მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან, იგორ გროსუსთან.

ინფორმაციისთვის, პრეზიდენტი თბილისიდან კიშინეუში პირველი რეისით იმგზავრებს, რომელსაც მოლდოვის სახელმწიფო ავიაკომპანია AIR Moldova შეასრულებს.

მოლდოვისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის პირდაპირ რეგულარულ საჰაერო მიმოსვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები 2022 წლის მაისიდან დაიწყო და შესაბამისი გადაწყვეტილებით, „ეარ მოლდოვა“ ფრენებს კიშინეუ-თბილისი-კიშინეუს მიმართულებით 2022 წლის 31 ოქტომბრამდე კვირაში ორჯერ, ხოლო, 2022 წლის ნოემბრიდან - კვირაში ოთხჯერ შეასრულებს.