დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი ძალიან პოზიტიურად შეფასდება და ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჩეხეთის ქალაქ პრაღაში მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
ვიცე-პრემიერმა ბიზნეს ფორუმზე აღინიშნა, რომ საქართველომ უკვე შეასრულა ბევრი ვალდებულება ევროინტეგრაციის მხრივ ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში.
„მსგავსი ნაბიჯები ჩვენ გვაახლოებს ევროკავშირში გაწევრიანებასთან. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი ძალიან პოზიტიურად შეფასდება და ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს. მიმდინარე წელს საქართველომ განაცხადი გააკეთა ევროკავშირის ერთიან როუმინგულ სივრცესთან მიერთებასა და ევრო გადახდების ერთიან სისტემაში ინტეგრაციაზე.,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
ცნობისთვის, ევროპულმა საბჭომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, 23 ივნისს ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტზე მიიღო.
ევროკავშირის წევრის სახელმწიფოების ლიდერთა გადაწყვეტილებით, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭათ, ხოლო საქართველოს აქვს ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსის მისაღებად.