უკრაინამ ევროკავშირისგან 2 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარება მიიღო

უკრაინამ ევროკავშირისგან 2 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარება მიიღო. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა.

უკრაინის პრემიერის თქმით, ეს თანხები 5 მილიარდი ევროს პაკეტის პირველი ნაწილია.

უკრაინული მხარის განცხადებით, მთლიანობაში, წელს უკრაინამ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების სახით, 4,2 მილიარდი ევრო მიიღო, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სახელმწიფოს ეკონომიკური ფრონტის გაძლიერებას და აგრესორთან ბრძოლას.

„ჩვენ მადლობელი ვართ ჩვენი ევროპელი პარტნიორების და ვაგრძელებთ მუშაობას ახალ ფინანსურ პროგრამებზე. უკრაინამ მიიღო 2 მილიარდი ევროს ოდენობით მაკროფინანსური დახმარება. დღეს ჩვენმა სახელმწიფომ კიდევ ერთი ტრანში მიიღო ევროკავშირისგან, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის ეკონომიკური სტაბილურობის მხარდაჭერას.

დამატებითი ფინანსური რესურსები ხელს შეუწყობს გადაუდებელი ბიუჯეტის ხარჯების დაფარვას, კერძოდ, სოციალურ და ჰუმანიტარულ სფეროებში“, - წერს შმიგალი.