"ირანული წარმოების „მოპედის“ დრონების მასიური თავდასხმის პრობლემა დაახლოებით ორ კვირაში მოგვარდება", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ოლექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.
„ძალიან მალე უკრაინა მიიღებს რამდენიმე ასეულ დრონების საწინააღმდეგო სადგურს, მანამდე კი ჩვენ მათ ჩვეულებრივი საშუალებებით ჩამოვაგდებთ“, – განაცხადა არესტოვიჩმა.
უკრაინული მედიის მიერ, 17 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო ძალებმა 43-დან 37 დრონი გაანადგურეს. ირანი უარყოფს, რომ მოსკოვს დრონები მიაწოდა.
თავის მხრივ, კრემლსაც არ უღიარებია ეს ფაქტი. ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებას აპირებდა, თავდაპირველად, აშშ-მ გაავრცელა. 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი უკრაინის დედაქალაქს მასიურად ბომბავს. კიევზე იერიშს მსხვერპლი მოჰყვა როგორც წინა კვირას, ისე 17 ოქტომბერსაც.