პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა უკრაინის ელჩი ყაზახეთში პეტრო ვრუბლევსკი.
ამის შესახებ პრეზიდენტის No723/2022 განკარგულებაშია ნათქვამი.
მანამდე რუსეთმა ყაზახეთს მისი გაძევება მოსთხოვა „რუსების მკვლელობის“ შესახებ განცხადებების გამო.
6 ოქტომბერს, მედიაში გავრცელებული ცნობებით, ყაზახეთის ხელისუფლებამ უკრაინის ელჩის გაძევების შესახებ რუსეთის მოთხოვნა უარყო.
უკრაინის ელჩმა ასტანაში, პეტრო ვრუბლევსკიმ, აგვისტოში ადგილობრივ ბლოგერთან ინტერვიუში განაცხადა: „რაც უფრო მეტ რუსს მოვკლავთ ახლა, მით უფრო შემცირდება მსხვერპლი ჩვენს შვილებში“.
რუსეთმა საპასუხოდ ყაზახეთს დიპლომატის გაძევება მოსთხოვა, მაგრამ ასტანამ კიევს ელჩის ჩანაცვლება შესთავაზა.
ასტანის პოზიციით, მისი კომენტარები მიუღებელია ეთნიკური რუსებით დასახლებული ქვეყნისთვის.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მოსკოვი „აღშფოთებულია", რადგან ვრუბლევსკი ჯერ კიდევ ასტანაში იმყოფება. რუსეთმა ყაზახეთის ელჩი დაიბარა.
თავის მხრივ, ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აიბეკ სმადიაროვმა ზახაროვას ტონს ორი ქვეყნის ურთიერთობებისთვის შეუფერებელი უწოდა.
სმადიაროვის თქმით, ვრუბლევსკი ყაზახეთს მას შემდეგ დატოვებს, რაც უკრაინის ახალი ელჩი დაინიშნებოდა.
Reuters-ი წერდა, რომ ყაზახეთი ტრადიციულად ინარჩუნებს მჭიდრო ეკონომიკურ და უსაფრთხოების კავშირებს რუსეთთან, მაგრამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მოსკოვისგან დისტანცირდა.
ასტანა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებას უჭერს მხარს. ყაზახეთი არც რუსეთის მიერ ჩატარებულ ე.წ. რეფერენდუმს აღიარებს, რომლის მეშვეობითაც რუსეთმა უკრაინის ტერიტორიების ანექსია სცადა.