„მნიშვნელოვანია, რომ შუა დერეფანმა გრძელვადიანი კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნოს. ამისთვის საჭიროა მაღალ დონეზე კოორდინაცია, რათა ჩვენი სატრანსპორტო გადაზიდვები იყოს კომფორტული, უფრო მიმზიდველი საერთაშორისო აქტორებისთვის, რათა ქვეყანამ მიიღოს დამატებითი შემოსავლები ამ მიმართულებიდან“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო გაერთიანების „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფანი)“ საერთო კრებაზე სიტყვით გამოსვლისას.
კონფერენციის მონაწილეებს ასევე მიესალმა სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე.
აღნიშნული გაერთიანება, რომელიც ინტერმოდალური და მულტიმოდალური გადაზიდვების გაძლიერებას 2013 წლიდან უწყობს ხელს, აქტიურად მუშაობს დერეფანში სატვირთო გადაზიდვების გაზრდაზე.
„შუა დერეფნის მნიშვნელობა განსაკუთრებით საყურადღებოა არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც ტვირთბრუნვამ დერეფანში განსაკუთრებით მოიმატა, საერთაშორისო გადამზიდავების მხრიდან კი დაინტერესება ყოველწლიურად იზრდება. 2022 წელს შუა დერეფანში სატვირთო ბრუნვა 30 პროცენტით, ყაზახეთიდან საქართველოში სარკინიგზო ტვირთნაკადები კი 6-ჯერ გაიზარდა. ეს ტვირთები მიმდინარე წელს შუა დერეფანში დაბრუნდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გაუმჯობესებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით, მათ შორის, ადმინისტრირებით, შევძლებთ, გრძელვადიან პერსპექტივაში, შუა დერეფანში ტვირთების შენარჩუნებას“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
საერთაშორისო ასოციაციის „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფანი)“ საერთო კრება საქართველოში უკვე მეორედ იმართება. მასში მონაწილეობენ საქართველოს, ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის რკინიგზების ხელმძღვანელი პირები.