საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის „ალფა" ასეულმა ვაზიანის საწვრთნელ ბაზაზე სიტუაციური სწავლება ჩაატარა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობოთ, ასეულის სიტუაციური სწავლების მიზანი NATO-ს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის (OCC E&FP) ფარგლებში NATO-ს მე-2 დონის (NEL-2) შეფასებისთვის მზადყოფნაა.
„ალფა" ასეულმა თავდასხმითი ოპერაციის მომზადების შემდეგ რეიდის და სამედიცინო ევაკუაციის ამოცანები შეასრულეს. „ალფა“ ასეულს სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფი უჭერდა მხარს. სწავლებაში მონაწილეობას ჯავშანმანქანა „დიდგორი“ და სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკი“ იღებდნენ.
დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა ჯგუფმა პირადი შემადგენლობისა და სამეთაურო რგოლის მოქმედებები დადებითად შეაფასა. აღნიშნულ პროგრამას საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების სამმართველო ხელმძღვანელობს.
მე-12 ბატალიონის „ალფა“ ასეულმა NATO-ს მე-2 დონის (NEL-2) შეფასება პირველად 2019 წელს დაასრულა და NATO-ს ძალებთან თავსებადობის დამადასტურებელი სერტიფიკატი მიიღო. ქვედანაყოფი NATO-ს ძალებთან თავსებადობის კუთხით ამჟამად გადამზადებასა და მზადყოფნაში შემოწმებას გადის.
შეგახსენებთ, სექტემბერში, NATO-ს სახმელეთო ძალების ოფიცრების ვიზიტისას საქართველოში ოფიციალურ შეთანხმებას მოეწერა ხელი.
NAT0-ს ოფიციალური პირი Europetime-ს ექსკლუზიურად ესაუბრა NATO-ს სახმელეთო ძალების სარდლობის ოფიცრების ვიზიტის მიზნებსა და იმ შეთანხმებაზე, რომელიც ალიანსმა ქართულ მხარესთან გააფორმა.
NAT0-ს ოფიციალური პირის თქმით, შეთანხმება ღონისძიებათა ერთობლიობას მოიცავს და სწორედ მის საფუძველზე დაიწყება NEL2-ის შეფასების მეორე ეტაპი, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების მსუბუქი ქვეითი ასეულის ოპერატიული შესაძლებლობების განსაზღვრას ემსახურება. როგორც ცნობილია, NEL2-ის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ქართული დანაყოფი NATO-სთან სრულად თავსებადი ხდება.
„NATO-ს სახმელეთო ძალების სარდლობის (LANDCOM) 3 ოფიცერი საქართველოში ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის (OCC) საკონსულტაციო ვიზიტის ფარგლებში 22-დან 26 აგვისტომდე იმყოფებოდა. დელეგაცია საქართველოში NATO-ს შეფასების II დონის (NEL2) შეფასების მიზნით ჩამოვიდა.
- NEL2 მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის ძალების მსუბუქი ქვეითი ასეულის ოპერატიული შესაძლებლობების დონის განსაზღვრას, რომელიც თავის დროზე NATO-ს რეაგირების ძალებს (NRF) შეუერთდა.
NATO-ს სახმელეთო ძალების სარდლობის ოფიცრების ვიზიტები მოიცავდა მოხსენებების, შეხვედრებისა და აქტივობების მთელ რიგ სერიას, მათ შორის საქართველოს თავდაცვის უწყების ოფიციალური პირების ჩართულობით.
ხსენებული ვიზიტი დასრულდა შესრულების ღონისძიებების ერთობლიობის შესახებ ორივე მხარის მიერ ოფიციალურ შეთანხმებაზე ხელმოწერით, რასაც აღნიშნული შეფასების პროცესის მეორე ეტაპი დაეფუძნება“, - განუცხადა Europetime-ს NATO-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, NATO-ს შეფასების II დონის წარმატებით გავლის შემდეგ, ქართული დანაყოფი NATO-სთან სრულად თავსებადი ხდება.
NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალები 2002 წელს ჩამოყალიბდა, ის ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლეს სარდლობას ექვემდებარება.
NATO-ს წევრი სახელმწიფოების გარდა, NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილეობა ასევე შეუძლიათ NATO-ს პარტნიორ ქვეყნებს. საქართველომ თავისი სამხედროების მონაწილეობა ალიანსს 2013 წელს შესთავაზა და მისი პირველი ასეული NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებს 2015 წლის იანვარში შეუერთდა.
NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალები სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო და სპეციალური ოპერაციების ძალებისგან შედგება.