რეზოლუციაში სააკაშვილის მოხსენიება ცვლის რეზოლუციის არსსა და სულისკვეთებას და ძირს უთხრის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფასეულობებს და ორგანიზაციის სანდოობას ევროპის მასშტაბით ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის საქმეში, - პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, მარტინიუს ტაინი კოქსს 13 ოქტომბერს მიღებულ PACE-ს რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილის ჩანაწერთან დაკავშირებით მიმართავს.
"ბატონი სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ას განაჩენზე მეტი გამოიტანა, მათ შორის იყო 13 საქმე ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტალური თავისუფლებების დაცვის კონვენციის მეორე მუხლზე (სიცოცხლის უფლება), 34 საქმე მესამე მუხლზე (წამების აკრძალვა), 15 საქმე მეხუთე მუხლზე (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) და 44 საქმე მეექვსე მუხლზე (სამართლიანი სასამართლოს უფლება). მეტიც, სასამართლო ალექსანდრე გირგვლიანის მკვლელობის საქმეში (ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ) ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბ-მა სააკაშვილმა ხელი შეუშალა ეფექტიან გამოძიებას და სათანადო სასჯელის დაკისრებას.
2004-2012 წლებში საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიში, რომელიც ადამიანის უფლებების სფეროში ევროსაბჭოს ყოფილმა კომისარმა და საქართველოში საკონსტიტუციო და საკანონმდებლო რეფორმებისა და ადამიანის უფლებების თაობაზე ევროკავშირის სპეციალურმა მრჩეველმა თომას ჰამარბერგმა 2013 წელს მოამზადა, წარმოადგენს სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში აღნიშნულ კონვენციით დაცული უფლებების სისტემატური დარღვევების მტკიცებულებას. მასში იდენტიფიცირებულია საგანგაშო სიტუაცია სასამართლო, სასჯელაღსრულების, სამართალდამცავ სფეროებში, უმცირესობის უფლებების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებების, გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების დაცვის, სოციალურ სამართლიანობის მიმართულებებში. საქართველოში ბატონი სააკაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენია დამდგარი სისხლის სამართლის ორ საქმეზე (ერთი ეხება ზემოთხსენებულ გირგვლიანის საქმეს, ხოლო მეორე – პარლამენტის ოპოზიციურ წევრ ვალერი გელბახიანზე თავდასხმის ორგანიზებას), სისხლის სამართლის სამი საქმე კი ჯერ ისევ განხილვის პროცესშია (2007 წლის 7 ნოემბერს ანტი-სამთავრობო პროტესტის დარბევის დროს და დამოუკიდებელი ტელემაუწყებლის, ტელეკომპანია „იმედის“ მიტაცების საქმეში უფლებამოსილების გადაჭარბება და ბოროტად გამოყენება; სახელმწიფო დაცვის სამსახურის ბიუჯეტიდან პირადი მიზნებისთვის თანხის გაფლანგვა; და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა).
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უარი განაცხადა საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის მიერ ბატონი სააკაშვილის მოპყრობის საქმის განხილვაში მიღებაზე. სასამართლომ დაადგინა, რომ აღნიშნულ საქმეში არ არსებობდა „განსაკუთრებული გარემოებები“, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა ადამიანის უფლებებთან და რომელიც მოითხოვდა სასამართლოსგან საქმის შესწავლის გაგრძელებას. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები და ინტერესები სასჯელაღსრულების სისტემაში სრულად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების შესაბამისად არის დაცული.
საქართველო 2012 წლიდან აქვს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის კარგი ისტორია. აგრეთვე, ქვეყანა მჭიდროდ თანამშრომლობს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან მის მიერ გამოტანილი განაჩენების აღსრულების საქმეში. მიხეილ სააკაშვილის მმართველობის 2004-2012 წლებთან შედარებით, 2013-2021 წლებში 5,5-ჯერ შემცირდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან წარდგენილი საქმეები, რაც წარმოადგენს ქართული სასამართლოებისადმი გაზრდილი სანდოობის, მათი დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმის შედეგს. აღნიშნული პროგრესი სათანადოდ იქნა აღნიშნული N2438-ე რეზოლუციაში („საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების პატივისცემა“), რომელიც ასამბლეამ 2022 წლის სესიაზე მიიღო.
აღნიშნულის გათვალისწინებით, გვჯერა, რომ ბ-ნი სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდებებში არ არსებობს პოლიტიკური მოტივაციის არანაირი მტკიცებულება, გარდა პოლიტიკური მოტივით ნაკარნახევი სპეკულაციებისა. შესაბამისად, რეზოლუციის მეოთხე დამატებაში გამოყენებული ჩანაწერი წარმოადგენს საქართველოს სამართლის სისტემის დაუსაბუთებელ კრიტიკას, საერთაშორისო არენაზე ქვეყნის წინააღმდეგ იწვევს გაუმართლებელ ეჭვს და ძირს უთხრის საქართველოს მიერ 2012 წლიდან მიღწეულ პროგრესს ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მიმართულებებით განხორციელებულ რეფორმებში.
და რაც უფრო მნიშვნელოვანია, მ. სააკაშვილის შესახებ უსაფუძვლო ჩანაწერი აზიანებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სანდოობას ქართულ საზოგადოებაში და აფერხებს ჩვენს მცდელობებს, კიდევ უფრო განვამტკიცოთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაციების შესაბამისი ამბიციური რეფორმების დღის წესრიგისადმი მხარდაჭერა. იმედს ვიტოვებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები მომავალში იხელმძღვანელებენ მხოლოდ ორგანიზაციის საუკეთესო ინტერესებითა და ფუნდამენტური ღირებულებებით.
მზად ვართ, მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია საქართველოს შესახებ თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე", - აღნიშნულია პაპუაშვილის წერილში.
შეგახსენებთ, რომ ვროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) მხარი დაუჭირა "უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მომდევნო აგრესიის" შესახებ რეზოლუციის მე-7 პუნქტში ცვლილებების შეტანას, რითაც რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებს მოუწოდა, გადახედონ პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტიკური პატიმრების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილისა და ვლადიმერ კარამურზას საქმეებს და გაათავისუფლონ ისინი.