სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეამ საზღვაო საზღვარზე ერთმანეთს გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნეს.
უცხოური პრესის ინფორმაციით, გაზრდილი სამხედრო დაძაბულობის ფონზე, ფხენიანმა და სეულმა ერთმანეთი საზღვაო საზღვრების დარღვევაში დაადანაშაულეს.
სამხრეთ კორეის ინფორმაციით, მათმა სამხედროებმა ჩრდილოეთ კორეულ გემს გაფრთხილების სიგნალი გაუგზავნეს და გამაფრთხილებელი გასროლები შეასრულეს.
თავის მხრივ, ჩრდილოეთ კორეის სამხედროებმა განაცხადეს, რომ არტილერიით ათჯერ გაისროლეს მას შემდეგ, რაც სამხრეთ კორეის საზღვაო ფლოტის გემმა დაარღვია „ჩრდილოეთის ლიმიტის ხაზი“ და გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა „უცნობი გემის თვალყურის დევნების საბაბით“.
ჩრდილოეთ კორეის სახალხო არმიის გენერლის თქმით, მათი გასროლები უკავშირდებოდა სამხრეთ კორეული ფრეგატის მიერ მათი ტერიტორიული წყლების დარღვევას.
ამასთან, სამხრეთ კორეის შტაბების მეთაურთა გაერთიანებულ კომიტეტში მიაჩნიათ, რომ ეს შემთხვევა არღვევს 2018 წლის 19 სექტემბრის შეთანხმებას, რომელიც სასაზღვრო ზონებში "მტრული ქმედებების" აკრძალვას ითვალისწინებს და აწესებს შეზღუდვებს გარკვეული სახის იარაღის გამოყენებაზე.
ჩრდილოეთ კორეა NLL-ს არ აღიარებს და ფხენიანში მიიჩნევენ, რომ ეს ზღვარი კორეის შიდა საზღვაო დემარკაციის ხაზია.