Foreign Policy: რუსეთი, უკრაინის ომისთვის, ავღანური სპეცრაზმის ყოფილი ჯარისკაცების გადაბირებას ცდილობს

რუსეთი, ყოფილი ავღანელი სპეცრაზემელების უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად გადაბირებას ცდილობს, წერს Foreign Policy.

გავრცელებული ინფორმაციით, ავღანეთის ეროვნული არმიის კომანდოს კორპუსის წევრები, რომლებმაც წვრთნები დიდ ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებში გაიარეს, WhatsApp-ისა და Signal-ის მესინჯერების საშუალებით, იღებენ შეთავაზებებს, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შეუაერთდნენ. 

Foreign Policy წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ავღანეთიდან დასავლური ძალების გაყვანის შემდეგ, ქვეყანაში დაახლოებით 30 000 კარგად გაწვრთნილი სპეცრაზმის ჯარისკაცი დარჩა. მათმა უმეტესობამ დაკარგა სამსახური, ზოგს კი ეშინია თალიბების, რომ შური იძიონ ყველაზე ვინც NATO-ს ძალებთან თანამშრომლობდა.

ავღანეთის უსაფრთხოების წყაროები მიიჩნევენ, რომ ეს ადამიანები დაუცველობის გამო, შესაძლოა, რუსი დამქირავებლების შეთავაზებას დათანხმდნენ. 

„მათ არც ქვეყანა აქვთ, არც სამსახური, არც მომავალი. მათ დასაკარგი არაფერი აქვთ", - თქვა Foreign Policy-ის ერთ-ერთმა წყარომ.

წყაროს ცნობით, დაახლოებით 10 000 ადამიანს შეუძლია მიიღოს რუსეთის შეთავაზება. ექსპერტების პროგნოზით, ამან შეიძლება სერიოზულად იმოქმედოს ფრონტზე არსებულ მდგომარეობაზე.

„ჯერჯერობით უცნობია, როგორ შეძლებენ ისინი ავღანეთის დატოვებას, მაგრამ, სავარაუდოდ, ამ საკითხის გადაწყვეტას მოსკოვი თალიბანის რეჟიმთან მოაგვარებს“, - წერს გამოცემა.