თოყაევმა და შარლ მიშელმა ევროკავშირის მიერ ტრანსკასპიური მარშრუტის გამოყენების შესაძლებლობაზე იმსჯელეს

ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოკაევი ასტანაში, ევროპის საბჭოს პრეზიდენტს შარლზ მიშელს შეხვდა.

მოლაპარაკების დასასრულს ყაზახეთის პრეზიდენტმა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა მედიის წარმომადგენლებისთვის ბრიფინგი გამართეს.

ყაზახეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის თავმჯდომარის პირველი ვიზიტი ყაზახეთში, ქვეყნისადმი მაღალი პატივისცემისა და ნდობის გამოვლინებაა.

„მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი მოლაპარაკებები ახლახან გაიმართა, რაც ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე გადაყვანას. ჩვენმა შეხვედრამ თბილ და სანდო ატმოსფეროში ჩაიარა. მიღწეულია შეთანხმება ჩვენი ინტენსიური პოლიტიკური დიალოგის შემდგომ გაგრძელებაზე. ჩვენ ასევე დავადასტურეთ სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების მნიშვნელობა ყაზახეთსა და ევროკავშირს შორის გაძლიერებული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში“,- განაცხადა თოყაევმა.

მისი თქმით, ევროკავშირი ყაზახეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორია.

„30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ყაზახეთის ეკონომიკაში ევროკავშირმა $160 მილიარდზე  მეტი ინვესტიცია განახორცოელა. მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში ყაზახეთსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ბრუნვა 43%-ით გაიზარდა და $26 მილიარდი შეადგინა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

თოყაევმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის თავმჯდომარესთან მოლაპარაკებების დროს დადებითი შეფასება მიეცა ორმხრივ კავშირებს ენერგეტიკის, მწვანე ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროებში.

„ეს განსაკუთრებით აქტუალური ახალ გეოპოლიტიკურ პირობებშია. ჩვენ ასევე განვიხილეთ ევროკავშირის მიერ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის გამოყენების შესაძლებლობა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ყაზახეთის ეკონომიკისთვის უარყოფითი შედეგების მინიმუმამდე შემცირებას ევროპული სანქციების ფონზე“, - განაცხადა თოყაევმა.