„გვაქვს სურვილი, აზერბაიჯანიდან ელექტროენერგია მივიღოთ საქართველოსა და რუმინეთის გავლით, ამით დავზოგავთ ბევრ ბუნებრივ აირს, რომელსაც ამჟამად ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის ვიყენებთ, განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ.
„შეხვედრებზე შევეხეთ ენერგეტიკულ საკითხს. მინდა, ვაცნობო უნგრულ საზოგადოებას, რომ მსხვილი ენერგეტიკული ინიციატივები მუშავდება და ეს ჩვენთვის არის საინტერესო. გვინდა ახალი, დიდი ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები გვქონდეს და აზერბაიჯანიდან მივიღოთ ელექტროენერგია საქართველოს გავლით, რუმინეთის გავლით და ამ ინიციატივით ჩვენ დავზოგავთ ძალიან ბევრ ბუნებრივ აირს, რომელსაც ამჟამად ვიყენებთ ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის.
თუ ეს ელექტროენერგია პირდაპირ მოგვეწოდება მომავალ წელს, მაშინ აღარ მოგვიწევს ბუნებრივი აირის შეძენა. ძალიან გამიხარდა, რომ ბატონი პრემიერ-მინისტრი ემხრობა ამ ინიციატივას და ეს საკითხი ძალიან პრინციპული მნიშვნელობის არის უნგრეთისთვის“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
„ძალიან ბევრი რამე შეიძლება, გაკეთდეს ევროკავშირის გარედან ელექტრორესურსების მიღების კუთხით. გვინდა, რომ შედეგი იქონიოს და არამარტო მოკლევადიანი, არამედ გრძელვადიანი გადაწყვეტილებაც ჰპოვოს ამ საკითხმა. უნდა ვთქვათ, რომ ძალიან დიდ იმპორტს ვახორციელებთ, ძალიან დიდი მასშტაბით და ძალიან შორეული ქვეყნებიდან.
ამიტომ არის მნიშვნელოვანი ეს საკითხი უნგრეთისთვის, რადგან ეს საკითხი დაკავშირებულია ინფლაციასთან, ფასების ზრდასთან“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა ქართული ტელევიზიების თარგმანის მიხედვით.
24 ოქტომბერს, საქართველოში ვიზიტისას ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი აპირებს, ექსპორტზე გაიტანოს ელექტროენერგია. „ჩვენი მარშრუტი აუცილებლად გაივლის საქართველოს“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
ასევე წაიკითხეთ Europetime-ის ინტერვიუ