რუსეთი უკრაინის ბრძოლის ველზე აგებს და ამიტომ ნებისმიერ ფასად ცდილობს, ბირთვული იარაღით შეკავების ტაქტიკის გამოყენებით, საომარი მოქმედებები გაყინოს.
ამის შესახებ პოლონეთის სახელმწიფოს პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ, ვარშავაში მონტენეგროს პრეზიდენტ მილო ჯუკანოვიჩთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„დასავლეთი არ უნდა დაემორჩილოს შანტაჟს, არამედ უნდა განაგრძოს უკრაინის დახმარება, ვიდრე რუსეთი არ დატოვებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს“, - აღნიშნა დუდამ.
მისივე თქმით, ახლა მიმდინარეობს შეტევა, რომლითაც უკრაინა რუსეთის არმიის მიერ მანამდე ოკუპირებულ ტერიტორიებს იბრუნებს.
„მათი გმირობის წყალობით უკრაინელებს, ხერსონის დაბრუნების დიდი შანსი აქვთ. ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ უკრაინა ოკუპანტების ხელიდან გათავისუფლდეს“, - აღნიშნა დუდამ.
მისი თქმით, რუსეთი ახლა თავდაცვაზეა და სანქციები, რომელიც დასავლეთმა რუსეთს დაუწესა, იმდენად ეფექტურია, რომ მოსკოვს ამჟამად არ შეუძლია თანამედროვე იარაღის წარმოება და, შესაბამისად, იარაღს გასული საუკუნის 60-იანი წლების მარაგებიდან იყენებს.