უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურების მთავარი იდეოლოგი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე სერგეი კირიენკოა. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინამ სახელებით იცის, ვინ და რისთვის უნდა აგოს პასუხი.
„უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურების მთავარი იდეოლოგი და ლობისტი არის რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე სერგეი კირიენკო, რომელიც მუშაობდა „როსატომში“ და კარგად ერკვევა ენერგეტიკის სფეროში“, - განაცხადა დანილოვმა.
10 ოქტომბრიდან რუსეთი უკრაინის მასშტაბით სამოქალაქო ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასიურ შეტევას ახორციელებს. დაზიანდა 45-ზე მეტი ენერგეტიკული ობიექტი. უკრაინული მედიის ცნობით, თავდასხმების შედეგად უკრაინის ენერგოსისტემაში სიმძლავრის დეფიციტის გამო, საყოფაცხოვრებო და კომერციული მომხმარებლების დიდი ნაწილი გათიშულია ქსელიდან.