უკრაინა: გათავისუფლებულ რაიონებში 800-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი

ხარკოვის, დონეცკისა და ხერსონის ოლქების დასახლებებში, უკრაინის ტერიტორიების რუსული ჯარებისგან განთავისუფლების დაწყებიდან, პოლიციამ და უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 868 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს, მათგან 24 ბავშვია.

მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში 14 ცხედარი აღმოაჩინეს.

ამის შესახებ დღეს, ეროვნული პოლიციის ორგანიზაციული, ანალიტიკური მხარდაჭერისა და სწრაფი რეაგირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალექსეი სერგეევმა უწყების ბრიფინგზე განაცხადა.

მანამდე დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკვე ნახეს ათასზე მეტი ცხედარი, რომლებიც სხვადასხვა რეგიონში კონტრშეტევის დაწყების შემდეგ იპოვნეს.

უკრაინის ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ეს ადამიანები რუსული ოკუპაციის დროს დაიღუპნენ.

ალექსეი სერგეევის ინფორმაციით, უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ მუშაობა 375 დეოკუპირებულ დასახლებაში განაახლა. 43 პოლიციის პუნქტი დონეცკის ოლქში, 244 ხარკოვსა და 88 ხერსონში გაიხსნა.