WSJ: პრეზიდენტ ბაიდენის მრჩეველი კრემლის წარმომადგენლებს კონფიდენციალურად ესაუბრა

ამერიკული გაზეთი The Wall Street Journal-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა, ვლადიმერ პუტინის საგარეო პოლიტიკის თანაშემწე იური უშაკოვთან და რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანთან ნიკოლაი პატრუშევთან კონფიდენციალური მოლაპარაკებები გამართა.

ამერიკული გამოცემის წყაროების ცნობით, ამ საუბრების მიზანი იყო უკრაინის გამო, გაცილებით ფართომასშტაბიანი კონფლიქტის რისკის შემცირება. კერძოდ, მოსკოვი გააფრთხილეს, რომ ბირთვული ან მასობრივი განადგურების სხვა იარაღი არ გამოიყენოს და ამასთან, მოხდეს კავშირის ღია არხების შენარჩუნება.

ამერიკისა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაზეთთან, სალივანის უშაკოვთან და პატრუშევთან ფარული მოლაპარაკებების შესახებ ცნობებზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს.

გაზეთის წყაროები ასევე ადასტურებენ Washington Post-ის მიერ გავრცელებულ მონაცემებს, რომ ვაშინგტონმა სთხოვა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, „მშვიდობისათვის მზადყოფნა საჯაროდ გამოეხატა“.

„აშშ არ უბიძგებს უკრაინას მოლაპარაკებებისკენ“, - აცხადებენ ოფიციალური პირები.

პუტინის განცხადებების შემდეგ, რომ ის მზადაა, რუსეთის დასაცავად, „მის ხელთ არსებული ყველა საშუალება“ გამოიყენოს, დასავლურმა მედიამ ამერიკისა და რუსეთის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის არაფორმალურ კონტაქტებზე, ინფორმაცია გაავრცელა. 

პრესის ცნობით, ამ საუბრების დროს ვაშინგტონმა მოსკოვს მიანიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენებას კატასტროფული შედეგები მოჰყვებოდა. თუმცა, მანამდე არ იყო ცნობილი, ვის შორის მიმდინარეობდა ასეთი მოლაპარაკებები.