უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისას, რუსეთმა თავისი თანამედროვე რაკეტების დაახლოებით 80% უკვე გამოიყენა, განუცხადა ჟურნალ Economist-ს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (GUR) სპიკერმა ვადიმ სკიბიცკიმ.
დაზვერვის ინფორმაციით, კრემლს დარჩა 120 „ისკანდერისა“ და 40 „კინჟალის“ ტიპის რაკეტა და სწორედ ამიტომ, რუსეთის ფედერაციამ ირანისგან ბალისტიკური რაკეტების Fateh-110-სა და Zolfaghar-ის ყიდვა გადაწყვიტა.
უკრაინის დაზვერვის ცნობით, კრემლი საჰაერო გზით, ამ რაკეტების გადაზიდვას ანექსირებულ ყირიმში გეგმავს, ხოლო ზღვით კასპიის რეგიონში გადაიტანს.
სკიბიცკის თქმით, უკრაინას ჯერ არ აქვს ეფექტური თავდაცვა ამ ტიპის რაკეტებისგან, რადგან მათ აქვთ უფრო მაღალი სიჩქარე, ვიდრე რუსულ ფრთოსან რაკეტებს ან თვითმფრინავებს.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე რუსეთს ჰქონდა 900 „ისკანდერი“, 500 საზღვაო კალიბრის რაკეტა და 444 Kh-101-სა და Kh-555-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტა.