აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა დაადასტურა, რომ უკრაინაში ომის მიუხედავად ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის კომუნიკაციის არხები ღია რჩება.
7 ნოემბერს, ნიუ-იორკის ეკონომიკურ კლუბში გამოსვლისას სალივანმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების „ინტერესშია“ კრემლთან კონტაქტის შენარჩუნება.
მისივე თქმით, მოსკოვთან კონტაქტი რისკების შესამცირებლადაა საჭირო. აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა მაგალითად მოიყვანა ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებით მოსალოდნელი კატასტროფის რისკის შემცირება.
მანამდე ამერიკულმა გაზეთმა The Wall Street Journal-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა, ვლადიმერ პუტინის საგარეო პოლიტიკის თანაშემწე იური უშაკოვთან და რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანთან ნიკოლაი პატრუშევთან კონფიდენციალური მოლაპარაკებები გამართა.