ევროკავშირის ქვეყნები თანხმდებიან, რომ არ აღიარონ უკრაინასა და საქართველოში გაცემული რუსული დოკუმენტები.
შეთანხმებას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობამ და ევროპარლამენტმა მიაღწიეს.
ამის შესახებ ნათქვამია ევროპული საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში.
„შეთანხმებული ტექსტი ექვემდებარება დამტკიცებას საბჭოსა და ევროპარლამენტის მიერ, სანამ ოფიციალური მიღების პროცედურას გაივლის“, - ნათქვამია განცხადებაში.
ეს გადაწყვეტილება არის პასუხი რუსეთის არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ სამხედრო აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ. ხსენებული გადაწყვეტილება ასევე მოჰყვა რუსეთის ცალმხრივ გადაწყვეტილებას, რომელიც 2008 წელს, საქართველოს ტერიტორიების აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობას გულისხმობს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ რეგიონებში გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტები უკვე არ არის აღიარებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ. ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს საერთო მიდგომის ჩამოყალიბებას, გარე საზღვრის გამართული ფუნქციონირებისა და საერთო სავიზო პოლიტიკის უზრუნველყოფას, ასევე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების უსაფრთხოების დაცვას.