მსახიობი ჟერარ დეპარდიე, რუსეთში თავის საპროდიუსერო ცენტრს ხურავს. ამის შესახებ რუსულ მედიას პროდიუსერმა არნო ფრილმა განუცხადა.
„ეს სტრუქტურა შეიქმნა აუდიოვიზუალური პროექტების განვითარებისთვის. აქტივობის გარეშე, ეს სისტემა უსარგებლოა, რადგან არასამუშაო პერიოდშიც კი ხარჯებს მოითხოვს“, - განმარტა არნო ფრილმა.
მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება რუსეთ-უკრაინის ომს არ უკავშირდება.
ფრანგმა მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ რუსეთის მოქალაქეობა 2013 წელს მიიღო. პასპორტი მას, პირადად ვლადიმერ პუტინმა გადასცა.
2022 წლის მარტში მსახიობი, უკრაინის ომის წინააღმდეგ გამოვიდა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის „გიჟური“ ქმედებები დაგმო.
საპასუხოდ, კრემლმა განაცხადა, რომ დეპარდიეს „სავარაუდოდ არ ესმის სრულად რა ხდება".
სახელმწიფო დუმა მსახიობისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის ინიციატივით გამოვიდა.