ევროკავშირი, 15 000 უკრაინელი სამხედროსთვის, საწვრთნელ მისიას იწყებს

ევროკავშირი, უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების სასწავლო მისიას ოფიციალურად იწყებს, რომლის ფარგლებშიც 15 000-მდე მებრძოლს მოამზადებს.

ამის შესახებ დღეს, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა, ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს შედეგების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

„კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი, ესაა უკრაინის მხარდაჭერა. ჩვენ დღეს მოვუსმინეთ მინისტრ კულებას, რომელიც შემოგვიერთდა.  გვქონდა შესაძლებლობა დაგვედასტურებინა, რომ ევროკავშირი დარჩება უკრაინასთან მანამ, ვიდრე უკრაინა არ გაიმარჯვებს. მანამდე ჩვენ ვიქნებით ერთიანი უკრაინის მხარდაჭერაში. ამის კარგი დასტურია ის, რომ დღეს ჩვენ ვიწყებთ სამხედრო მხარდაჭერის მისიას, სულ მცირე 15 000 უკრაინელი ჯარისკაცის მოსამზადებლად“, - განაცხადა ბორელმა.

მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის ამ მისიის შექმნა, ყველა საჭირო პროცედურის დაცვით რეკორდულ დროში განხორციელდა. „პირველად ვხედავ, რომ სამხედრო მხარდაჭერის მისია ასე სწრაფად, ყველა პროცედურების დაცვით მომზადდა. იმედი მაქვს, რომ თვის ბოლომდე დაიწყებს მუშაობას“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.