ელჩი პაველ ჰერჩინსკი: უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ქართველებმა ერთად იმუშაონ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე

უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ქართველებმა ერთად იმუშაონ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე და პროცესი იყოს ინკლუზიური, ასევე ის, რომ მთავრობამ და ოპოზიციურმა პარტიებმა ერთად იმუშაონ და ოპოზიცია ამ პროცესში კონსტრუქციულად ჩაერთოს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ელჩის თქმით, მიმდინარე წლის ივნისში საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა. გადაწყვეტილება ევროკავშირის 27-მა ლიდერმა მიიღო 12 რეკომენდაციასთან ერთად. რეკომენდაციებზე მუშაობა მიმდინარეობს.

„ჩვენი აზრით, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ქართველებმა ერთად იმუშაონ და პროცესი იყოს ინკლუზიური, ასევე ის, რომ მთავრობამ და ოპოზიციურმა პარტიებმა ერთად იმუშაონ და ოპოზიცია ამ პროცესში კონსტრუქციულად ჩაერთოს.

12 რეკომენდაციაზე მუშაობა შეფასდება მომავალ წელს გაფართოებული პროცესის ფარგლებში. საქართველო შეფასდება დანარჩენ ქვეყნებთან ერთად, რომლებიც მიისწრაფვიან ევროკავშირში გაერთიანებისკენ.

გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ამის შედეგი იქნება საქართველოს წინსვლა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე და იმედი მაქვს, საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ეს დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ელიტაზე და მათ მიერ 12 რეკომენდაციის განხორციელების გზაზე.

12 რეკომენდაციის განხორციელება უნდა მოხდეს ინკლუზიურად. ეს მოითხოვს ყველას ერთობლივ მუშაობას, ეს მოითხოვს იმას, რომ მთავრობა ღია იყოს ოპოზიციისთვის და მოითხოვს, რომ ოპოზიციამ კონსტრუქციულად იმუშაოს მთავრობასთან 12 რეკომენდაციის განხორციელების მიზნით“, - განაცხადა ელჩმა IPN-ის ცნობით.


ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.

ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. 

ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.