ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ჩვენ ძალზე დაინტერესებული ვართ საქართველოსთან სტრატეგიული ურთიერთობების დამყარებით, – ამის შესახებ სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ქართველ კოლეგასთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"ძალზე დაინტერესებული ვართ საქართველოსთან სტრატეგიული ურთიერთობების დამყარებით. სომხურ-ქართული ისტორიული ურთიერთობა საერთო ფასეულობებზეა დამყარებული და ამას ემატება ჩვენი ქვეყნების მომავლისკენ მიმართული ნაბიჯები, რომელსაც ვდგამთ დემოკრატიის მიმართულებით. ჩემსა და ბატონ პაპუაშვილს შორის შეხვედრამ შესაძლებლობა მოგვცა, გაგვეგრძელებინა ერევანში აპრილში დაწყებული განხილვები.
განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობების მრავალი სფერო – განათლების, კულტურის, ტრანსპორტის და სხვა. ასევე, განვიხილეთ სხვადასხვა საკითხები, რომლებიც ინფრასტრუქტურას ეხება და უზრუნველყოფენ ჩვენს ჩართვას საერთაშორისო ინფრასტრუქტურებში. ამასთან, ვისაუბრეთ სომხური სათვისტომოს მნიშვნელობაზე, ხაზი გავუსვით სომხური სათვისტომოს როლს სომხურ-ქართული ურთიერთობების განვითარების საქმეში. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენი პარლამენტების საგარეო ურთიერთობების, კულტურისა და განათლების კომიტეტების ხელმოწერილ მემორანდუმს“, – განაცხადა სიმონიანმა.