პრიორიტეტად ინფრასტრუქტურის განვითარება უნდა დავისახოთ, - ამის შესახებ საქართველოში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, ჭოუ ციენმა, 18 ნოემბერს, მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.
ჩინეთის ელჩის თქმით, სამწუხაროა, რომ შუა დერეფანში ტვირთბრუნვის მოცულობა სწრაფად არ იზრდება.
„სამწუხაროა, რომ დღეს, ტვირთების დიდი ნაწილი არ მოდის შუა დერეფანზე. ჩვენ ვხედავთ დაბრკოლებას აზერბაიჯანის მხრიდან. ხშირად, საბაჟოზე ჩერდება ტვირთები, ამიტომ, აუცილებელია, დაისახოს გეგმები იმისთვის, რომ განვითარდეს ინფრასტრუქტურა, კავშირები, რადგან ამის გარეშე საქართველოს მიმზიდველ ადგილმდებარეობას უპირატესობა ეკარგება“, - აღნიშნა ჭოუ ცინმა.
ამასთან, ჩინეთის ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველო ახორციელებს მნიშვნელოვან პროექტებს, როგორიცაა, თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის მილსადენის პროექტი. ასევე დაგეგმილია ახალი პროექტები, რომლებსაც მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია შუა დერეფნის გასავითარებლად.
„ჩვენთვის საქართველოსთან თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მიზეზია ის, რომ განვითარებადი ქვეყანაა. ჩინეთი, როგორც დიდი სოციალისტური ქვეყანა, თავის მოვალეობად თვლის, დაეხმაროს განვითარებად ქვეყნებს. თანამშრომლობის მიზეზია კიდევ ის, რომ ჩინეთსა და საქართველოს ორმხრივი მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ. ორმხრივი ურთიერთობების გასავითარებლად, ძალიან კარგი პოლიტიკური გარემოა. ეს უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ორმხრივი ურთიერთობები და კავშირები გადავიდეს ახალ საფეხურზე“, - აღნიშნა ჩინეთის ელჩმა.