როგორ მოიქცა ჩვენი ძვირფასი ოპოზიცია? ყველაფერი გააკეთეს, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
"როგორ მოიქცა ჩვენი ძვირფასი ოპოზიცია? ყველაფერი გააკეთეს, მათ მთავარ ლობისტებთან ერთად დაარწმუნეს ევროპარლამენტთა წევრთა უმრავლესობა, ამ შემთხვევაში, მათი დედაპარტიის, „ევროპის სახალხო პარტიის“ უმრავლესობა, სხვა პარტიების წარმომადგენლებიც და ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილებამდე 2 კვირით ადრე მიაღებინეს ქვეყნისთვის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება. პირდაპირ ლანგრით მიართვეს მიზეზი სკეპტიკურად განწყობილ ქვეყნებს გარკვეულ ინტერესთა ჯგუფებს იმისთვის, რომ დაესაჯათ საქართველო, გამოეყოთ ამ ჯგუფიდან“,- აღნიშნავს პრემიერი.
ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.
ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.
ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.
23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.